კლიმატისა და ზოონოზური დაავადებების ურთიერთკავშირი: მითი და რეალობა
- დალი კეკელიძე

- May 16
- 2 min read
ბოლო წლებში სოციალური მედია ორ უკიდურეს ნარატივს შორის იყოფა. ერთი ამბობს: "კლიმატის ცვლილება ახალ პანდემიებს გამოიწვევს ". მეორე: "კლიმატისა და ვირუსების კავშირი გამოგონილია". ორივე არასწორია, თუმცა ორივე თავის მხრივ დამაჯერებელია — ერთი შიშს ეყრდნობა, მეორე კომფორტს. რეალობა, როგორც ყოველთვის, შუაშია და ბევრად უფრო საინტერესოა.
რა არის ზოონოზური დაავადება და რატომ აქვს კლიმატს მნიშვნელობა
ზოონოზური დაავადება არის ინფექცია, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი ან სოკო.ადამიანებში ცნობილი ინფექციური დაავადებების დაახლოებით 60 პროცენტი ზოონოზური წარმოშობისაა. გრიპი, მალარია, ებოლა, ლაიმის დაავადება, ჰანტავირუსი და ა.შ.
კლიმატის ცვლილება ინფექციური დაავადებების ისტორიაში უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.ის ვირუსებს პირდაპირ არ „ქმნის“, მაგრამ ცვლის გარემოს, რომელშიც ადამიანები, ცხოველები და პათოგენები ერთმანეთს ხვდებიან.
პირველი ცვლილება გეოგრაფიულია
მწერები, რომლებიც დაავადებებს ავრცელებენ, ტემპერატურაზე არიან დამოკიდებული. თბილი ზამთრები და გახანგრძლივებული სეზონები მათ ახალ ტერიტორიებზე გადასვლის საშუალებას აძლევს. შედეგად, ინფექციები იმ რეგიონებშიც ჩნდება, სადაც მოსახლეობას მათთან შეხების გამოცდილება არასდროს ჰქონია.
მეორე ცვლილება სასაზღვრო ზონები ფართოვდება
ტყეების გაჩეხვა, ურბანიზაცია და სოფლის მეურნეობის გაფართოება ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის დისტანციას ამცირებს. რაც უფრო ხშირად იკვეთება ეს ორი სამყარო, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ პათოგენმა სახეობათაშორისი „გადასვლა“ შეძლოს.
მესამე ცვლილება ცხოველები მიგრირებენკლიმატის ცვლილება ცხოველთა მიგრაციის მარშრუტებს ცვლის. სახეობები, რომლებიც ადრე ერთმანეთისგან იზოლირებული იყვნენ, ახლა ერთ ეკოსისტემაში ხვდებიან — და მათთან ერთად გადაადგილდებიან ვირუსებიც.
მაშ, ეს "ახალი პანდემიის" სიგნალია?
არა. და ეს განსხვავება მნიშვნელოვანია.
იმისათვის, რომ ახალი ვირუსი პანდემიად იქცეს, რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს ერთდროულად: პათოგენი ადამიანისთვის ახალი უნდა იყოს, ადამიანის ორგანიზმში გამრავლება უნდა შეძლოს და ყველაზე მთავარი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად უნდა გადადიოდეს.
კლიმატის ცვლილება პირველ ორ პირობაზე გავლენას ახდენს: ზრდის ალბათობას, რომ ადამიანი ახალ პათოგენს შეეხოს. მაგრამ მესამე პირობა ადამიანთაშორისი გადაცემა, ვირუსის საკუთარი ბიოლოგიური თვისებაა, რომელსაც კლიმატი პირდაპირ ვერ განსაზღვრავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლიმატის ცვლილება ზრდის ადამიანსა და ახალი პათოგენეის ერთმანეთთან შეხვედრის ალბათობას. ეს ავტომატურად პანდემიას არ ნიშნავს . უბრალოდ ფონური რისკი უფრო მაღალი ხდება და სწორედ ეს განსხვავებაა მნიშვნელოვანი.
"ერთიანი ჯანმრთელობა " — კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ საკმარისად არ ისმის
სამეცნიერო და ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად საუბრობს "ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციაზე — ადამიანის, ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირებულ ხედვაზე. იდეა მარტივია: ეს სისტემები ერთმანეთისგან გამოყოფილი არ არიან. ადამიანის ჯანმრთელობა ეკოსისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული და პირიქით.
ეს კონცეფცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ცვლის კითხვას. "კლიმატი გამოიწვევს თუ არა ახალ პანდემიას?" — არასწორი კითხვაა. სწორი კითხვაა: "როგორ ვმართოთ სისტემა, რომელშიც კლიმატი, ეკოსისტემა და ადამიანის ჯანმრთელობა ერთ მთლიანობაშია?"
მოკლედ, კლიმატის ცვლილება ავტომატურად ახალ ზოონოზურ პანდემიებს არ ქმნის, მაგრამ ის გარემოს ცვლის ისე, რომ ადამიანსა და პათოგენებს შორის კონტაქტი უფრო ხშირი ხდება.სწორედ ამიტომ, ეს საკითხი არც აპოკალიფსური ფანტაზიის სფეროა და არც შეთქმულების თეორია. პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ ბუნებისგან განცალკევებულ სისტემად წარმოვიდგენთ თავს, მაშინ როცა ვირუსებს, კლიმატსა და ეკოსისტემებს შორის საზღვრები ბევრად ნაკლებად მკაფიოა, ვიდრე გვგონია.

დალი კეკელიძე
საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა აკადემიის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი საერთაშორისო ჯანმრთელობის მაგისტრი (BPharm, MSc, PhD)
Comments